კახა კალაძე - ნინო ლაცაბიძე ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე
კახა კალაძე - ნინო ლაცაბიძე ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე

ნინო ლაცაბიძე ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ნინო ლაცაბიძე რუსთავს კარგად იცნობს და შესაბამისად, ქალაქის პრობლემების გადაჭრა არ გაუჭირდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ ქალაქს, რომელიც რუსთავშია დაბადებული და აქ გაიზარდა. ნინო ლაცაბიძე გახლავთ ძალიან ძლიერი ქალი, პროფესიონალი, კარგი მეგობარი და ამ ყველაფერთან ერთად, ოთხი შვილის დედა. ერთის მხრივ, გული მწყდება, რომ ის საკრებულოს ტოვებს, თუმცა, მეორე მხრივ, მიხარია, რომ რუსთაველებს მართლაც ღირსეული წარმომადგენელი ეყოლებათ საქართველოს პარლამენტში. ნინო ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე. დარწმუნებული ვარ ნინო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსთავმა ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და მაქსიმალურად განვითარდეს.

„რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად, სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს. რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებასა და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ „რუსთავის“ და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში. დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსთაველები მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს მხარს დაუჭერენ.

„ეს ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარია ჩვენი ერთად დგომა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი იყოს წარმატებული. მე დარწმუნებული ვარ, თითოეული რუსთაველი ანთებულია ამ სურვილით და ზუსტად ვიცი, ამ სურვილით ანთებულია თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდით დგომით ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებას შევძლებთ, არამედ მივაღწევთ ყოველი ჩვენგანის უმთავრეს მიზანს, შევქმნით რუსთავის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიას. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ამ რეგიონში, რუსთავში, თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებისა და განხორციელებული პროექტისა, დღესაც არსებობს პრობლემები, დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო წლებში ჩვენი ერთად დგომა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ყველა გავერთიანდით ადამიანის ირგვლივ, რომელმაც შექმნა პარტია, გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ჩვენ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას. მე მჯერა, რომ ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.