კახა კალაძე - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შეუწყდა
კახა კალაძე - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შეუწყდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იყო მიღებული.

„ნიკა მელიას რაც შეეხება, როგორც ვიცი, ძველ საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია, არის დაწყებული გამოძიება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გამომდინარეობდა კანონიდან და კონსტიტუციიდან“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება და არა არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, კალაძემ განაცხადა, რომ არანაირ პოლიტიკურ დევნას არ ჰქონია ადგილი.

„ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი, გამიჭირდება თქმა, დეტალებს არ ვიცნობ. არანაირი პოლიტიკური დევნა არ არის, არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული, რომელსაც პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა. კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.