კახა კალაძე - ნიკა მელიას დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში, დარწმუნებული ვარ, გირაო გადახდილი იქნება
,,ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძე ამბობს, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, გარეთ იქნება, თუ შევა ციხეში.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გდაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება, პირდაპირ არა მისი მხრიდან, მაგრამ მოხდება მისი მეგობრების მხრიდან.
თავისთავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს დაჭერა არ უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე, გვახსოვს ჩვენ 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მქვს, მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.