კახა კალაძე - ნიკა მელია ეცდება, აირიდოს პასუხისმგებლობა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, არსებობს კადრები და ქრონოლოგია
რა თქმა უნდა, ნიკა მელია ეცდება, აირიდოს პასუხისმგებლობა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არსებობს კადრები და ქრონოლოგია, თუ როგორ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, მოსახლეობას, იქ მისულ ადამიანებს, ჰქონდათ სამართლიანი პროტესტი დილით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ როგორ გადაიზარდა, როგორ განვითარდა ეს მშვიდობიანი აქცია ძალადობრივში, მგონი, ყველამ კარგად ვნახეთ და ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, უმძიმესი კადრები ვნახეთ. უმძიმესია, რომ სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაშავებული და პირველი, რაზეც ახლა უნდა ვიზრუნოთ, არის დაშავებულების ჯანმრთელობა როგორც პოლიციელების, ასევე მშვიდობიანი ადამიანების, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ვინც დაშავდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.