კახა კალაძე - ნატო-ს წევრობა არის ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, არ გვინდა ეს ღია კარი, თუ რამის თავი გაქვთ, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში
ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, ეს არის ნატო-ს წევრობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიის წარმომადგენელმა კალაძეს კითხვა დაუსვა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
კახა კალაძის განაცხადებით, საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად და „თუ რამის თავი აქვთ, ქვეყანა ალიანსში უნდა მიიღონ“.
„არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტიკა თუ გაქვთ, კონკრეტული ოფიციალური წერილი ოფიციალური პირებიდან, შეგიძლიათ წარმოადგინოთ. ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, ეს არის ნატო-ს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია, გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. არ გვინდა ეს ღია კარი, თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.