კახა კალაძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მსგავსი არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი
ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ალბათ ესეც ძალიან მალე გაირკვევა, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.
მისი თქმით, ხელისუფლება რუსულ კანონს არ იღებს და არც მომავალში მიიღებს.
„საქართველოში რუსული კანონის მიღება არ ხდება და ვერ მოხდება ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოდგენილია ზუსტად იმ რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვადასხვა სახელით სხვადასხვა პარტიები აქვს შექმნილი. ისინი ატარებდნენ რუსულ ინტერესს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. დღეს ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. რუსეთი არის ოკუპანტი და ეს მაშინდელი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები. შემდეგ კი „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე – ეს არის რუსული ინტერესი. ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესს და მის ხვალინდელ დღეს. ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ალბათ ესეც ძალიან მალე გაირკვევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.