კახა კალაძე - ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა დასჯაზე, არამედ ამ ადამიანების ნარკოტიკებისგან დაცვაზე
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება მიიღწევა, – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.
„ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუ როგორი იქნება ეს, როგორ გაკეთდება და პროცესი როგორ წარიმართება, ამას დრო გვაჩვენებს, გუნდში მსჯელობა რომ იქნება. პარლამენტში დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ჩვენ საბოლოოდ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. საერთო შეთანხმება იქნება, თუ რა, ამას უახლოეს მომავალში დაინახავთ. ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ორიენტირი არა დასჯაზე, არამედ ადამიანთა ნარკოტიკებისგან დაცვაზე იყოს.
„ჩვენ დასჯაზე ორიენტირებული არ უნდა ვიყოთ. პირიქით, ამ ადამიანების ნარკოტიკებისგან დაცვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. შესაბამისად ეს პოლიტიკა უნდა გავატაროთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.