სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას მიერ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ნანა კოსტავას მხრიდან გაკეთებული განცხადებები მისთვის და თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და აღნიშნა, რომ კოსტავას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.
„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.