კახა კალაძე - ნამდვილად მეამაყება, რომ დღევანდელი თბილისი გაცილებით მწვანეა, მოწესრიგებულია, ვიდრე 2017 წელს იყო, როდესაც ოფიციალურად ჩავიბარეთ და შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას
კახა კალაძე - ნამდვილად მეამაყება, რომ დღევანდელი თბილისი გაცილებით მწვანეა, მოწესრიგებულია, ვიდრე 2017 წელს იყო, როდესაც ოფიციალურად ჩავიბარეთ და შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა ვითარება გამწვანების კუთხით და ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის კეთდება.

„პირველ რიგში, ახალგაზრდებს გესალმებით, – რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება თუ გარემოსდაცვითი პროექტები – ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის – ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ნამდვილად მეამაყება, რომ დღევანდელი თბილისი გაცილებით მწვანეა, გაცილებით მოწესრიგებულია, ვიდრე ეს 2017 წელს იყო, როდესაც ოფიციალურად ჩავიბარეთ და შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას.

არ შემიძლია, არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა არ გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც, მართლაც, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ჩვენს ქალაქში იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული არეალები, იმისთვის, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა, ყველა თაობის ადამიანმა შეძლოთ დასვენება და განტვირთვა. რა თქმა უნდა, ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირადად თქვენ, რადგან თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ისეთივე, როგორიც ევროპის განვითარებული ქალაქებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტები დედაქალაქში მომდევნო წლებშიც განხორციელდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება ის, რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მსიამოვნებს ის, რომ შემოდის საპარკო კულტურა. ყველა სკვერი, ყველა პარკი სავსეა ადამიანებით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ, კიდევ მეტი პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ, ახალი პარკების მშენებლობა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული. ქალაქი, სადაც არასდროს დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. პირიქით – ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენისა და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი;კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი,ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი;დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 27 მლნ ლარამდე შეადგინა.