კახა კალაძე - ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს, რადგან მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. ამის შესახებ კალაძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები; არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის. „სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა კალაძემ.