კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, პარტიის ოფისი მოინახულა.
როგორც კალაძემ განაცხადა, მოსახლეობასთან განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს.
„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე საუბარი შედგა მიმდინარე სამუშაოებზე, თუ რა პროექტები ხორციელდება მთელი რაიონის მასშტაბით. ვისაუბრეთ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნობა. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ამას დავაბრუნებთ გაკეთებული საქმეებით.
ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იყოს მხარდაჭერა, რადგან საკრებულოში აუცილებელია, უმრავლესობით ვიყოთ. როდესაც ქალაქში სიკეთეებზე, განსახორციელებელ პროექტებზე ვსაუბრობთ, თუ საკრებულოში არ გვექნება უმრავლესობა, რთული იქნება ამ სამუშაოების განხორციელება. მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭერა გამოიჩინონ როგორც ჩემი მერობის კანდიდატის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.