კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ცდილობდნენ, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაეშალათ.
„ატოცში მომხდარს სამარცხვინოს უწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო. ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა. გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ.
მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.