კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა ის მწარე გამოცდილება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდა.
„რა მიიღეს ამით – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავზე, საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.