კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსა და მსოფლიოს აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.
„მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს ვერაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ ავუხსენით მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, ძალიან მარტივია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება დაპირისპირება, არ დაუშვებთ. იმ მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, გადატრიალებებს, რევოლუციებს და ასე შემდეგ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება.
2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. ასეთი სიბინძურე, ცილისწამება, სიცრუის პროპაგანდა, პირადი შეურაცხყოფები სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფები აჩვენებენ სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. 2012-წლამდე კი ისინი აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი საკუთარი მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.