კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, თითქოს მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასა და პროდასავლურობასთან.
„ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური? „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.