კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი, – ამიის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ეს ერთი გუნდია. ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ისინი. მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა მე ვთქვი რამდენიმე ხნის წინ, უფრო სწორად რომ გამომივიდეს ნათქვამი და სწორად რომ აღიქვას ხალხმა, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ.