კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, სხვას დააბრალოს ის, რაც თავად დაუშავა ხალხსა და ქვეყანას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგი სიცრუის კამპანიას აწარმოებს.
როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.
„ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან. სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას. ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.