კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს
„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჰიგიენისა და კვების პრობლემებზე საუბრობენ.
კალაძის თქმით, მერიას სურს ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელოს, გამოასწორონ არსებული ვითარება.
თბილისის მერის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს და იქნებიან კონსტრუქციულები, ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმებიან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს. ის, რომ ჩვენ მივდივართ საკრებულოში, ვესაუბრებით და კითხვებს ვცემთ პასუხებს, არის ნორმალური პროცესი და მე ამას მივესალმები. როგორც მთავრობის წინა სხდომაზე თქვენ ნახეთ, ისინი ცდილობდნენ გარკვეული სპექტაკლი დაედგათ და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით.
მივეცით საშუალება, რომ მთავრობის სხდომაზე შემოსულიყვნენ და დასწრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ.
ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და გვინდა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ, გამოვასწოროთ არსებული ვითარება და თუ ისინიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და იქნებიან კონსტრუქციულები, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.