კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, მზად ვართ, ამაშიც მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნიჭოები არიან, არ გამოსდით
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს.
კახი კალაძის განცხადებით, გუშინ საკრებულოში ყველა ის პირი იმყოფებოდა, ვისგანაც ოპოზიციას ინფორმაციის მიღება შეეძლო. მერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის სურვილი მხოლოდ შოუს მოწყობაა.
„გუშინ იყო ყველა წარმომადგენელი მერიიდან, ადამიანები, რომლებიც კომპეტენტური არიან ამ მიმართულებით. იქ მათ შეეძლოთ კითხვები დაესვათ, იმიტომ იყვნენ ის ადამიანები იქ მისულები, რომ დასმული შეკითხვებისთვის ეპასუხათ. თუმცა ერთია მართლა გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე, განსახორციელებელ თუ განხორციელებულ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებრივი აზროვნებით იყო მიმართული მხოლოდდამხოლოდ პარტიული ინტერესების დაცვისკენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ვითამშრომლოთ ყველა პარტიასთან, ვინც კონსტრუქციულია, გული შესტკივა დედაქალაქზე, კარი ყველასთვის არის ღია, მაგრამ ამ ადამიანებს უნდათ სატელევიზიო შოუების მოწყობა, აქაც მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ აქაც უნიჭოები არიან, აქაც არ გამოსდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.