კახა კალაძე - მზად ვართ მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მაგრამ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ხალხი და ქვეყანა „საზარბაზნე ხორცად“ იყოს გამოყენებული
მზად ვართ მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მაგრამ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იყოს „საზარბაზნე ხორცად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის შეფასებას სტატუსის საკითხზე ხალხისა და მთავრობის გამიჯვნასთან დაკავშირებით.
თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი მესიჯები სტატუსის თემაზე პოლიტიკური მოტივებით არის დატვირთული და მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავს.
„როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან იდგა ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს „საზარბაზნე ხორცად“. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.