კახა კალაძე - მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას
მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითa და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პატივს სცემს ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველას, ვინც პირველივე დღიდან მუსაობდა და ჩართული იყო საარჩევნო პროცესში. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48%-იანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესის დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ, თუ სხვამ, მაგრამ ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, იქონია თუ არა გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის ჩამოსვლამ, კალაძემ განაცხადა, რომ „ამას კარგი ანალიზი სჭირდება“.
„ამას კარგი ანალიზი სჭირდება. ფაქტი სახეზეა, რომ მეორე ტურია. შესაბამისად, მე მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა. 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართბა, „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე. რამდენიმე ოლქია, სადაც მეორე ადგილზეა „ქართული ოცნება“, თუმცა მეორე ტურები გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.