კახა კალაძე - მწამს და მჯერა, ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შიდა ქართლში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისასალმებელ სიტყვაში კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – ოკუპაციას და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება.
„მივესალმები შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ქართველ და ოს და-ძმებს! მწამს და მჯერა, ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რა მოუშუშებელ ჭრილობად ექცა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი. კითხვა – რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომლის თანახმად ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა – საჭიროებს პასუხის გაცემას.
მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ დაიცვეს საქართველოს მოსახლეობა, ვერ აარიდეს ქვეყანას ომი და უბედურება, დღესაც ცდილობენ ისევ ომში ჩაგვითრიონ. უცხოური ძალების დაკვეთით, დღეს კიდევ უფრო გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. თუმცა აქ მინდა, ვუთხრა ყველას, სრულიად საქართველოს, რაც არ უნდა შემოტევები იყოს და რაც არ უნდა შეურაცხყოფები მოდიოდეს, რაც არ უნდა შანტაჟები და მუქარები იყოს, ქართველ კაცს ვერავინ დააჩოქებს და სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესს, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, რათა ვერასდროს ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებს შესწიროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.