კახა კალაძე - მუნიციპალური ინსპექციის საშუალებით, თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება
კახა კალაძე - მუნიციპალური ინსპექციის საშუალებით, თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება

თბილისის განახლებული მუნიციპალური ინსპექცია ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა, რომლის მეშვეობით, დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური – მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, მოქალაქეებსა და თბილისის მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა გამოწვევა, პრობლემა და მოსაგვარებელი სფეროები, რაც საჭიროა თბილისში წესრიგის დამყარებისა და სიცოცხლით სავსე ქალაქის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის .

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ფუნქცია-მოვალეობები განმარტა. მისი თქმით, ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი; უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარე ვაჭრობის აღკვეთა; დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა.

კალაძის შეფასებით, ჩამოთვლილი საჭიროა დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების დასაცავად.

ამასთან, ქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მოქალაქეების თანამშრომლობას აღნიშნულ სამსახურთან. მისი თქმით, სამსახურში ხშირად შედის ინფორმაცია დაბინძურებისა თუ ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების ფაქტებზე, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტებზე, მშენებლობებზე დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტებსა და სხვა საკითხებზე. კახა კალაძის შეფასებით, მოქალაქეების ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამ სამსახურის დახმარებით, ზოგადად მუნიციპალური სამსახურების დახმარებით, უნდა ვისწავლოთ ზრუნვა თბილისზე, საზოგადოებრივი ქონების გაფრთხილება, ამ ქალაქის სიყვარული, პატრიოტიზმი და ფეხზე დავაყენოთ თბილისი“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის დროს, აღნიშნული სამსახური შედგებოდა დაახლოებით, 147 თანამშრომლისგან, მოძველებული იყო ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა.

მისივე თქმით, ახლა სამსახურს გაეზარდა ფუნქციები, აღიჭურვა ახალი შესაძლებლობებით, განახლდა ავტოპარკი. „დღეს უკვე წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მომძლავრებულ მუნიციპალურ ინსპექციას, რომელსაც გაეზარდა ფუნქციები და უფლებამოსილებები, აღიჭურვა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით, გაორმაგდა თანამშრომლების რიცხვი და განახლდა ავტოპარკი. ამ სამსახურს წინ ელის კოლოსალური შრომა და მათი საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია თბილისელების თანადგომაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებიც წარადგინა და მადლობა გადაუხადა. ასევე, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ასევე საქართველოს პარლამენტს და თბილისის საკრებულოს ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის.

„ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით წელს ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლის ძალაში შესვლამდე საკმაოდ მაღალი იყო სამართალდარღვევების რიცხვი. ჯარიმები იმდენად მიზერული იყო, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა. უკვე გაზრდილია ჯარიმები სამშენებლო დარღვევების და უსაფრთხოების წესების დაცვის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, ქალაქის იერსახის სხვადასხვა ფორმით დამახინჯების მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება.

კახა კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული სამსახური იქნება დამხმარე და არა დამჯარიმებელი უწყება. ამასთან, მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან დაემატება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცულობა და ტექნიკური აღჭურვილობა.