კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული
კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, გაარკვიოს, მართლაც არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, ერთ სენსიტიურ თემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს საკითხი ეხება თბილისის ზღვაში სავარაუდოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა მერმა.

ამასთან, როგორც ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სხდომაზე განაცხადა, სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება მუდმივად კონტროლდება, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სინჯებს მუდმივად იღებს და ლაბორატორიულად მოწმდება, ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს.

ამასთან, მისი თქმით, გამოვლინდა ერთი ფაქტი, სადაც თბილისის ზღვაზე ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების უკანონო დაერთებას და ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ფაქტები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით, რაც თვალხილული არ არის და დასადგენად საკმაოდ რთულია. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები და თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა პრაქტიკულად გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე მოხდა ერთი ფაქტის გამოვლენა, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას. რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, ფაქტობრივი დარღვევა აღმოიფხვრება, ხოლო სამართლებრივი წარმოება დაიწყება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს კანონს“, – აღნიშნა ხმალაძემ.