კახა კალაძე - მუხთარლის განცხადებები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს აფგან მუხთარლის განცხადებებს.
კახა კალაძის თქმით, მუხთარლის განცხადებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.
„აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, ამიტომ ამაზე მე მგონი, სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, დედაქალაქის მერის თქმით, გამოძიება ერთი საკითხია და ის ბრალდებები, რომელიც გაისმა, მეორე საკითხი.
კახა კალაძის განცხადებით, ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„გამოძიებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია და დღესაც იგივე პოზიციაზე ვართ. მესმის, რომ ოპოზიციას უნდა ამ საკითხზე ქულები ჩაიწეროს და ამით სპეკულირებს, მაგრამ ბრალდებები, რომელიც გაისმა აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია, რაც ჩემთვის გარკვეულ ეჭვებს ბადებს. რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი განცხადებები მუხთარლის მხრიდან“, – აღნიშნავს კახა კალაძე.
კითხვაზე რამდენად ეფექტურია გამოძიება, კახა კალაძის თქმით, როგორც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, არის გარკვეული შეფერხებები.
„დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს შუალედური დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია, ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.