კახა კალაძე - მთელი ჩემი წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან, კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, დადგე ცალ ფეხზე, კატეგორიულად მიუღებელია
მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
„რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. თანმიმდევრულად მივყვებით, რათა ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს. ამ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ესეც მიღებული იქნება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა სტატუსი მივიღოთ, თუმცა აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ ხელისუფლება როგორმე შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო – გეტყვიან, ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე. ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.