კახა კალაძე - მთაწმინდაზე დეპუტატობის კანდიდატად წარმოდგენილი გვყავს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ
მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის წარდგენაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მთაწმინდის, სოლოლაკის, ვერის ქუჩები შემსწრეა და ინახავს საქართველოს და თბილისის ისტორიის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.
„მთაწმინდის რაიონი თბილისის გულია. მთაწმინდის, სოლოლაკის, ვერის ქუჩები შემსწრეა და ინახავს საქართველოს და თბილისის ისტორიის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ 30 წლისთავი, სწორედ მთაწმინდაზე, რუსთაველის გამზირზე მომხდარი დიდი ტრაგედიიდან, 9 აპრილიდან, რომელმაც მთელი ერი გაგვაერთიანა და გარდამტეხი მუხტი მოგვცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად.
ამ ტრაგიკული თარიღიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ისევ აქ, მთაწმინდაზე, პარლამენტის შენობაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მოგეხსენებათ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ 1918 წელს მიღებული აქტის საფუძველზე, რომელსაც ასევე მთაწმინდაზე, დღევანდელ მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში მოეწერა ხელი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ახალი ისტორია, სწორედ აქ, ამ ისტორიულ უბანში იწერება“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში, შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათა მკვლელ ომს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს.
სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით.
სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მით უმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია. ამიტომ, მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს. ბატონო ლადო, თქვენ იცით, რომ მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად. მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება. თბილისი აუცილებლად იქნება სისოცხლით, ტრადიციებით, კეთილდღეობით სავსე ქალაქი და ამას ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად შევძლებთ!“,- განაცხადა კალაძემ.