კახა კალაძე მთავრობის სხდომას მერიის სტრუქტურების თანამშრომლებთან ერთად ატარებს - „მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ადამიანები, რომელთა ყოველდღიურ შრომაზე დგას თბილისის მუნიციპალიტეტი“
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებული ფორმატით იმართება. სხდომას ესწრებიან თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც მერიის სამსახურებში მრავალი წელია, მუშაობენ.
კახა კალაძემ თანამშრომლებს მრავალწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ყოველდღიურ შრომაზე დგას თბილისის მუნიციპალიტეტი.
„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ადამიანები, რომელთა ყოველდღიურ შრომაზე დგას თბილისის მუნიციპალიტეტი. ეს გახლავთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს დარბაზში არიან წარმოდგენილი, მათ ყველაზე მეტი და დიდი მუშაობის სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არ აქვთ თანამდებობები და ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ქუჩებში, დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს, საკუთარ სიცოცხლესაც კი და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ, არ იცნობს საზოგადოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თითოეული ადამიანი არის პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების მაგალითი. ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების მომზადება და შემდეგ განხორციელება ასეთი ადამიანების დახმარებით ხორციელდება.
„არ ვიცი, რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება, ისინი საოცარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან. მათი ისტორიები არის უნიკალური და გამორჩეული. თითოეული არის მაგალითი პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერებისა. მინდა, გულწრფელად, თითოეულ მათგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ და ეფერებიან ჩვენს ქალაქს – თბილისს, თბილისელებს თავიანთი საქმიანობით. ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობის 20, 25, 30, 40-წლიანი სტაჟი აქვთ. გულწრფელად, მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ. აქ რამდენიმე მათგანი არ იმყოფება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, თქვენი სახელით მინდა ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით, რითაც ამაყობს თითოეული თბილისელი, ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თქვენი დამსახურებაა. თქვენისთანა ადამიანებზე გადის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მომზადება და განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.