კახა კალაძე - მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს და შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა.
„არ გავცნობივარ განცხადებას, თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.