კახა კალაძე მსურველებს მოუწოდებს, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე შესაბამისი ნებართვა აიღონ
თბილისის მერი კახა კალაძე მსურველებს მოუწოდებს იაქტიურონ და ტაქსის სერვისის განხორციელებაზე შესაბამისი ლიცენზია აიღონ, რადგან 1 ოქტომბრიდან აღნიშნული მომსახურების ნებართვის გარეშე განხორციელება შეუძლებელი იქნება.
ამ საკითხზე კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის მომსახურების 500-მდე ნებართვაა გაცემული.
„დავიწყეთ ტაქსების ლიცენზირება და როგორც დაგპირდით, 21 აგვისტოდან ტაქსის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლშიც. პროცესი დაიწყო და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გარდა იუსტიციის სახლისა, 10-ვე გამგეობაში შესაძლებელი იქნება ლიცენზიების მიღება და ასევე, სახლიდან გაუსვლელად, პირადი კომპიუტერით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, იუსტიციის სახლში არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, სადაც ამ მიზნით მისულ მოქალაქეებს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპისთვის, ჯამში გაცემულია ტაქსის 500-მდე ნებართვა და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, იქნება ჯარიმები, რომელიც არის 200 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რომელიც ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ქაოსია ამ მიმართულებით და უნდა მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.