კახა კალაძე - მშვიდობიან დემონსტრანტებს მოვუწოდებ, ავანტიურისტ პოლიტიკოსებს არ აყვნენ და მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილენი არ გახდნენ
მშვიდობიან დემონსტრანტებს მოვუწოდებ, ავანტიურისტ პოლიტიკოსებს არ აყვნენ და მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები არ გახდნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ის, რაც პარლამენტთან ამ წუთებში ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ჩარჩოებს და აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა.
„პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. პოლიცია და ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ – საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის დასაცავად. ყველას მოგიწოდებთ, კეთილგონიერება გამოიჩინოთ და საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას ნუ მისცემთ“, – განაცხადა კალაძემ.