კახა კალაძე მშრალი ხიდისა და დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე მშრალი ხიდისა და დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის განვითარების ფონდმა მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში  მოეწყობა ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი, რეაბილიტაციის შემდეგ კი, აღნიშნული ადგილები საუკეთესო იქნება ტურისტებისთვის.

„მდგომარეობა არასახარბიელო იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტებისთვის. პირდაპირ დაუკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია. სკვერები, ბაღები, საინტერესო სივრცე შეიქმნება, მე მივესალმები ასეთ პროექტებს. მინდა საზოგადოებას მეორე პროექტი გავაცნო – დედაენის ბაღის ტერიტორიდან იუსტიციის სახლამდე ჯებირები აღარ იქნება და ადამიანებს ექნებათ საშუალება მტკვართან ახლოს მივიდნენ ისე, როგორც თანამედროვე ქალაქებშია. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა -გაყიდვისა და ძველებური ნივთების ვაჭრობის სივრცეები. ასევე მოგვარდება მრავალი წლის პრობლემები, რომელიც სირთულეებს უქმნის თვითდასაქმებულებს, ადგილობრივ მომხმარებელსა და ტურისტებს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის”ფარგლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.