კახა კალაძე - მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელია წარდგენილი იყოს პროექტი, რომელიც წყალარინების სისტემის საკანალიზაციო ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს
მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელია წარდგენილი იყოს პროექტი, რომელიც წყალარინების სისტემის საკანალიზაციო ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უნდა შეიქმნას წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმი.
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემისას აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც წლების განმავლობაში სავალალო შედეგი დადგა.
„არ იყო ვალდებულება, წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი, რაც იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრეზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, მტკვარში კანალიზაცია სანიაღვრეებიდან ჩაედინება. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მივიღეთ გრანტი, რომ შევისწავლოთ მთლიანად დედაქალაქის საკანალიზაციო სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში დავდოთ პროექტი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე წარდგენილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების სიტემის დაერთებას საკანალიზაციო ქსელზე.
„ამას აუცილებლად გავაკონტროლებთ, რადგან თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.