კახა კალაძე - მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება
მივმართავ სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე მომუშავე და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„ზედამხედველობასთან მიმართებაში ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომ სამსახურის სისტემური გაძლიერება განვახორციელოთ, მისი მუშაობის ეფექტიანობა გავზარდოთ. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. არც ერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალიან მომთხოვნები. მინდა, მივმართო სამშენებლო სექტორსაც, რომ მათაც დაიცვან ის მოთხოვნები, ის ნორმები, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში. 21 მარტიდან გაიზარდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე. მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 ათასი ლარი სახით. პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 ათასი ლარი. შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა ხუთი ჯარიმა, ჯამში 250 ათასი ლარი, ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო, ჯარიმის საერთო რაოდენობაა 450 ათასი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მოუწოდა ყველას, რომ კანონზე მაღლა საკუთარი ინტერესები არავინ უნდა დააყენოს.
„მინდა, კიდევ მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება. მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ მივმართავ სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე მომუშავე და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.