კახა კალაძე - მშენებლობებზე უნდა მოეწყოს ადგილები, რომ მოხდეს მანქანების ჩამორეცხვა, რათა ქუჩებზე ნაგავი არ გაიტანონ
მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება მითითებული, რომ სამშენებლო საიტებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მანქანების ჩამორეცხვა, რათა ცენტრალური ქუჩებზე ნაგავი არ გაიტანონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც სატვირთო მანქანები შედიან სამშენებლო მოედანზე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები – სახლების მშენებლობა, სასტუმროების მშენებლობა, გამოსვლისას ქუჩებს აბინძურებენ და ამ მიმართულებით სრული კატასტროფა ხდება.
„მინდა ვთხოვო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა. არც ერთი ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება მითითებული , რომ სამშენებლო საიტებზე აუცილებლად უნდა მოეწყოს სპეციალურად ისე, რომ შესაძლებელი იყოს ჩამორეცხვა ამ მანქანების, რათა ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გაიტანონ. არსებულ მშენებლობებზეც დავავალოთ , რომ ასეთი ადგილები იქნეს მოწყობილი. თუ ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ეს არ არის , მხოლოდ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია და გაშენება. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.