კახა კალაძე - მოვუწოდებთ ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებს, მოქალაქეებს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება მისცენ
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება, საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა, თუმცა ზოგიერთ ქალაქში სიტუაციის დაძაბვის მცდელობა შეინიშნება.
როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან არის.
კახა კალაძემ მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, მოქალაქეებს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება მისცენ.
„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ყველა საარჩევნო ოლქში, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება, საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის. ამიტომ მოვუწოდებ მათ, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი.
აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის: საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები, მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის კანონიერი უფლება, იქონიოთ ეს სიები და 100-მეტრიანი რადიუსი, რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„აქვე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ. ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი, უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.