კახა კალაძე - მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის აქტს
კახა კალაძე - მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის აქტს

მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს, ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება გვერდით დგომა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყოველთვის მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, გადავრიცხოთ ხელფასის 1/3. ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ამ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონდში. სამი თვის განმავლობაში, გავიღებთ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში. ამასთან, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ასევე საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოწვევა ძალიან მალე მინიმალური ზიანით იქნება დაძლეული.

„თბილისის მერია, კერძო სექტორის დახმარებით ახორციელებს მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცების პროდუქტით უზრუნველყოფის პროგრამას. იმავეს აკეთებს თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. თუმცა ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს. ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი გვერდით დგომა! დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.