კახა კალაძე - მოვისმინეთ ბევრი განცხადება, თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში, როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ღამით თბილისში უხვა ნალექმა პრობლემები შექმნა და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული იყო.
კალაძის თქმით, მოხდა დროული რეაგირება, რაც ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. კახა კალაძის განმარტებით, გუშინ, ღამით თბილისში მოსული უხვი ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერ და მეტად გადააჭარბა.
„გუშინ, ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შექმნა ქალაქის სხვადასხვა რაიონში, კონკრეტულ უბნებში. გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. რა თქმა უნდა, სრულიად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რადგან როცა ხდება ამინდის ცვლილება, მაშინვე ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვადასხვა უბანში შექმნა გარკვეული პრობლემები. გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა, იყო უმძიმესი მდგომარეობა, პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც შეიქმნა პრობლემები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ სანიაღვრე სისტემების მუშაობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.
„მოვისმინეთ ბევრი განცხადება, თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში. ზოგადად, მინდა, გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველები ვამბობთ ჩვენ. შემთხვევით არ არის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი, რაც გავაკეთოთ, მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე, სადრენაჟე სისტემა და ა.შ. კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ვიმყოფებოდი, მაგალითად, სანიაღვრე ცხაურები დაფარული იყო ნაგვით, რაც ხელს უშლიდა წყლის ჩადინებას სანიაღვრე სისტემაში. როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ცხაურები დაფარული იყო – გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა, მაგრამ სანიაღვრე სისტემა მუშაობდა, როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე, მთლიანად დაცლილი იყო დატბორილი არეალი. პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილზე და ცდილობდნენ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას. სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, წაიქცა ხეები რამდენიმე ქუჩაზე, რამაც დააზიანა ელექტროსადენები, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათა ცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები, ასევე მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის დამაკავშირებულ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზა. ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ და გადაადგილება ჩვეულებრივ შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც სამუშაოებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, გამგეობის ყველა წარმომადგენელს, გამგებლებს, გლდანში იყო ძალიან რთული ვითარება, მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს სწრაფი რეაგირებისთვის. მართლაც მიწისქვეშა გადასასვლელში იყო უმძიმესი მდგომარეობა, მადლობა, რომ ხალხს ეხმარებოდით, იყო გვერდში დგომა, რაც მნიშვნელოვანია. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში იყო სრული მობილიზება როგორც გამგეობის, ისე მერიის სხვადასხვა უწყების მხრიდან. რასაკვირველია, დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც გავაგრძელებთ შესაბამის სამუშაოებს. „თბილსერვისი“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მინდა, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადო დავით ფაჩულიას, თითოეულ თანამშრომელს, ასევე დასუფთავების სამსახურს, რომელიც დღესაც მუშაობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა შსს-ს, საპატრულო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროულად და ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მერიის ცხელი ხაზი, შემოსულია ზარები და, რა თქმა უნდა, ყველა ლოკაციაზე ჩვენი მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.