კახა კალაძე - მოსახლეობის დაკვეთაა მშვიდობიანი გარემო, ეკონომიკური განვითარება, ტრადიციების შენარჩუნება, სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი სამოქმედო პრინციპები, რასაც არასდროს ვუღალატებთ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ქობულეთს ეწვია, სადაც პარტიული კონფერენცია გაიმართა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს შეხვედრისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით. საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ ერთად და ღირსეულად გავეცით პასუხი არაერთ სირთულესა და გამოწვევას. თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის ინტერესებზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და უცხადებს ნდობას. დღესაც ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს – არის მცდელობა არეულობით, ესკალაციის გზით მიაღწიონ მიზანს, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. რასაკვირველია, ამ გამოწვევასაც ვპასუხობთ ღირსეულად, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ნებისმიერ პარტიულ თუ პირად კეთილდღეობაზე მაღლა დგას სამშობლო და მისი მომავალი.
მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი, სტაბილური გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლებული, ცოდნით შეიარაღებული მომავალი თაობის აღზრდა, ევროპული მომავალი და ჩვენი უდიდესი კულტურის, ტრადიციების შენარჩუნება. სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი სამოქმედო პრინციპები. პირობას გაძლევთ, არასდროს ვუღალატებთ ამ პრინციპებს, – განაცხადა კახა კალაძემ ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის რეგიონში კონფერენციები გამართა, რომლებსაც პარტიის ლიდერები დაესწრნენ.