კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პრევენციის მიზნით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.
კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„2019 წლის იანვარში დაიწყო წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანია. მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმური და არაგეგმური იმუნიზაცია.
წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ვაქცინა და მომსახურება უფასოა.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩაიტარონ აცრები, რომ პრევენცია მოვახდინოთ და დაავადება არ გავრცელდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.