კახა კალაძე მოქალაქეებს ურბანული განვითარების სამსახურის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ურბანული განვითარების სამსახურის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მერიის სტრუქტურაში ასეთი სამსახური ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.
„როგორც იცით, მერიაში დასრულდა სტრუქტურული რეფორმა. ამოქმედდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც სიახლეა მუნიციპალიტეტის მერიისთვის. აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება არ ხდებოდა მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანებს მოუწოდა, სამსახურის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა.
„ამჟამად ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსებში, რომელიც იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვისაც აქვს გამოცდილება, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთად შევქმნათ ქალაქის უკეთესი მომავალი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, აუცილებელია, ყველა მიმართულებით გამოცხადდეს კონკურსები, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.
„ეს არ ეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. ყველა მიმართულებით აუცილებელია გამოცხადდეს ღია კონკურსები, რათა უფრო მეტი კონკურენცია იყოს და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.