დედაქალაქის მერის თხოვნით, მოსახლეობამ ახალ აღმაშენებელზე ისტორიული შენობების ფასადებიდან თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა მოხსნა
მოსახლეობამ ახალ აღმაშენებელზე, ისტორიული შენობების ფასადებიდან თვითნებურად დამონტაჟებული კონდიციონერები და გამათბობლების მილები მოხსნა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა მისი თხოვნის გათვალისწინებისთვის და აღნიშნა, რომ ფასადების აღდგენას მერია უზრუნველყოფს.
„გახსოვთ ალბათ, რამდენიმე კვირის წინ მე ვსაუბრობდი ახლადრეაბილიტირებული აღმაშენებლის მაგალითზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების – კონდიციონერებისა და გამათბობლების გამო ისტორიული ფასადების დაზიანებასთან დაკავშირებით. მაშინ თხოვნით მივმართე მოსახლეობას, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე და ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განეხორციელებინათ, რაც მართლაც გააკეთეს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას. პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ ეს ობიექტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არავის მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ეს არის ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რაც აღდგენით სამუშაოებს ეხება, როგორც მაშინ ვთქვი, მერია აიღებს საკუთარ თავზე. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ჩაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ექნება და მოსახლეობა მეტად გაუფრთხილდება ისტორიულ ძეგლებს.