კახა კალაძე მოქალაქეებს მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, რომლებიც ზედამხედველობის სამსახურში გამოცხადდება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოქალაქეებს მიმართა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, რომლებიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დედაქალაქი რომ მოწესრიგებული იყოს, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ წესები, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, გავამკაცროთ ზედამხედველობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გარევაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის მთლიან რეფორმას. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზის და ავტოპარკის განახლებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოქნილად იმუშაოს.
„ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროა, რათა მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური. მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები. აღნიშნული ფუნქციების შესრულებისთვის, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია, ცხადდება 80 ვაკანსია. მინდა, მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ქალაქის განვითარებაში, მოწესრიგებაში, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, შესაბამის პროფესიონალებს, მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსებში, რომლებიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებაზე და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.