კახა კალაძე - მოქალაქეებმა, რომლებმაც გადაიხადეს კომუნალური გადასახადი, სხვების დახმარების საშუალება მოგვცეს, მადლობა მათ ამ ნაბიჯისთვის
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი თქვეს და ამით მთავრობას სხვა ადამიანების დახმარების საშუალება მისცეს.
„მისასალმებელი ფაქტია, რომ ხალხმა მაინც გადაიხადა კომუნალურები. ძალიან მიხარია, თუ არსებობს ისეთი ოჯახები, არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ სჭირდება მიიღოს ეს დახმარება. ამით ისინი ჩვენ მოგვცემენ საშუალებას, სხვა ადამიანებს დავეხმაროთ. ნამდვილად მისასალმებელია ეს და მინდა, ამ ნაბიჯისთვის თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.
სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org.