კახა კალაძე - მომავალი წლიდან სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება, რომლის შედეგად, საცობები შემცირდება
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები გააცნო.
მისი თქმით, 2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლების პროცესი გაგრძელდება.
„2023 წელს შევისყიდით 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს, 2023-2024 წლებში კი პროცესი დასრულდება. ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და დღიურად 2 000 000-ით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მეტროპოლიტენის განახლებისა და მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება.
„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება.
„2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში, ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა.
„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაახლოებით, 110 000 ადგილით მეტი იქნება.
„2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით დაახლოებით 110 000 ადგილს მივიღებთ. ქუჩების გამტარუნარიანობა 70%-ით გაიზრდება. ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.