კახა კალაძე - მომავალ წერილში ალბათ „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი
რასაც ვხედავ და ვუყურებ მაქისმალური მცდელობაა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ და პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით თუ არის კითხვები, ამ კითხვებს პასუხები სამართლებრივ ჭრილში უნდა გაეცეს.
„არ ვიცი, საერთოდ ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ანალოგიური წერილის გაკეთება. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია, რაც ეწერა. საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია „ტვ პირველი“ და „არტარეა“ . ალბათ მომავალ წერილში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი . ამიტომ დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, უნდა შეუწყდეს თუ არა გიორგი გახარიას უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება, კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.
„ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას განცხადება. იგი მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს იქნება პარლამენტში მისვლა, თუ სხვა ქმედებები“, – განაცხადა კალაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ გუშინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია „ტვ პირველსა“ და „არტარეაზე“. პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია.