კახა კალაძე - მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ძალადობა დაუშვებელია, მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მიეცით მათ მუშაობის საშუალება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუფრთხილდნენ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია.
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ. დაუშვებელია ძალადობა. წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, – წერს კახა კალაძე.