კახა კალაძე - მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია, ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს
მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია, ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„გურულები მრავალმხრივ გამორჩეული ადამიანები ხართ, განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით, იუმორით და ამ იუმორში ჩაქსოვილი დიდი სიბრძნით. სწორედ სიბრძნის შედეგია ის, რომ გურულები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზე აყენებდით და აყენებთ მშვიდობას. მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო, ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველო სწორედ ამ ტიპის ბრძოლაში იმყოფება და ქვეყნის ბრძოლის ხაზი მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე გადის.
„სამწუხაროდ, ჩვენს ამ პოლიტიკურ კურსს ბევრი შიდა და გარე მტერი ჰყავს, თუმცა კიდევ უფრო ბევრი თანამოაზრე ჰყავს ქართველი ხალხის სახით. ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის და იმ გუნდის სიძლიერე, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ისტორიის მანძილზე ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანს სჭირდებოდა, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა, ერთ მუშტად ვიკრებოდით და ერთად ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს. დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ, ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას და ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია – ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მეორე მხარეს დგას ბოროტება, ომი, რადიკალების დაჯგუფება, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსულით, პოლიტიკით აჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები.
„ეს იყო ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, რაც დღესაც ახსოვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენს მომავალს წყვეტდნენ ჩვენ გარეშე ან ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადღაც უცხო ქვეყნებში. შეიძლება, ვიღაცეები ამას მიჩვეულები არიან, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, მაგრამ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ, პირველ რიგში, თქვენს ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს. ეს ასეა, მეგობრებო. ყველას, ვისაც სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, არც მეგობრობა გვეშლება, არც ურთიერთობა.
ვისაც ამ ქვეყნის ისტორია არ წაუკითხავს და უჭირს ამის შეგნება, ჩვენი უკეთ გაცნობა და ბედთან შეგუება მოუწევს. სწორედ ასე ყალიბდება ძლიერი სახელმწიფო, ასე ხდება მეტი პატივისცემის მოპოვება და მხოლოდ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გაძლიერების გზა. 26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს ვანახებთ, რომ ქართველი ხალხი დგას ერთად, თავისი სამშობლოს სადარაჯოზე. ქართველ ხალხს აქვს ისტორიული მეხსიერება, ღირსება და მხოლოდ ღირსებით, თავისუფლებით და სიამაყით მოიპოვებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ მომავალს. ჩემო გურულებო, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს სჭირდება ამ ქვეყანას, სამშობლოს, ხვალინდელ დღეს, ჩვენს შვილებს, პატარებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ ხალხს! ჩვენ ვართ მართლები, სიმართლე ჩვენს მხარესაა და, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.