კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად მოსახლეობის კითხვებს პასუხობს [ვიდეო]
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიდეოდიალოგი სოციალური ქსელის საშუალებით იმართება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დიალოგის დროს, მოსახლეობას ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს.
„ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მოსახლეობასთან ასეთ ფორმატში კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდა. ჩემთვის ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ვაფასებ თქვენს განწყობას და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ დამიკარგავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან მსგავსი კომუნიკაცია ერთჯერადი პროექტი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება.
„საქალაქო სამსახურის უფროსებთან და გამგებლებთანაც გექნებათ კომუნიკაცია. ისინი იქნებიან ვალდებული, თქვენს შეკითხვებს უპასუხონ. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ დიალოგის ფარგლებში, აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციას მომავალშიც მოგაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს მერის ყველა მოადგილე პასუხობს.