კახა კალაძე - მნიშვნელოვანია მოწოდებები, რომლებსაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები,რომლებსაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. არის მხარდაჭერა და არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ გარკვეულწილად საუბარი, მოლაპარაკება, ზოგადად პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, ოღონდ კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, აუცილებელია. ზოგადად, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, შესაბამისად, მათ სურთ, რომ ის პროცესები, რომლებიც მიდიოდა ბოლო წლების განმავლობაში, რა პოზიტიური ნაბიჯებიც იქნა გადადგმული, ეს ყველაფერი უნდა იქნას შენარჩუნებული და გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.
„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხედით მმართველი გუნდი, ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება პოლიტიკური კრიზისები, ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ არსებობს რაღაც პრინციპები სახელმწიფოებრიობის, სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც სჭირდება პატივისცემა, ასევე კანონს სჭირდება პატივისცემა და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომ ყველამ გაითავისოს, კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კალაძემ.